თავადაზნაურობა

თავადაზნაურობაა — ფეოდალურ საზოგადოებაში იურიდიულად გაფორმებული საერო მიწათმფლობელთა პრივილეგირებული წოდება, რომელიც სასულიერო წოდებასთან ერთად ქმნიდა გაბატონებულ კლას.

თავადაზნაურობის ეკონომიკური და პოლიტიკური ძლიერების უშუალო წყარო მიწაზე ფეოდალური საკუთრება იყო. თავადაზნაურობა უპირისპირდებოდა ძირითად ექსპლუატირებულ კლასს — გლეხობას, რომლის შრომის პროდუქტის დიდ ნაწილს იგი ითვისებდა ფეოდალური რენტის სახით.სხვა წოდებებისაგან თავადაზნაურობა გამოირჩეოდა თავისი მდგომარეობით, პრივილეგიებით, აღზრდით, ყოფა-ცხოვრებით, თავადაზნაურული საგანგებო მორალური კოდექსით, რომლის თანახმად თავადაზნაურობა აღიარებული იყო როგორც „დაბალი“ წოდებების ყველა წარმომადგენლის ბატონი და მბრძანებელი. თავადაზნაურობა ჩაცმითა და ვარცხნილობითაც კი განსხვავდებოდა. თავადაზნაურობა საქართველოში, ადრინდელ ფეოდალურ ზანაში ქართველ ფეოდალთა კლასი წარმოდგენილი იყოაზნაურობის სახით. ამავე ხანაში გაჩნდნენ დიდებული აზნაურები, რომლებიც დანარჩენ ჩვეულებრივ აზნაურებზე უფლებრივად და ეკონომიკურად მაღლა იდგნენ. დიდებულ აზნაურებს ვასალი აზნაურები ჰყავდათ. XV საუკუნეში დიდებული აზნაურები ცალკე ფენა თავადთა წოდების სახით ჩამოყალიბდა და შეიქმნა გაბატონებული კლასის ორი წოდებრივი კატეგორია: თავადთა და აზნაურთა წოდება. ნაწილი აზნაურებისა თავადთა დამოკიდებულებაში მოექცა. აზნაურები ჰყავდათ აგრეთვე მეფეს (სამეფო აზნაურები) და ეკლესიას (საეკლესიო აზნაურები).XIX საუკუნის I ნახევარში (საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ) რუსეთის მთავრობამ რუსეთის ფეოდალურ-ბატონყმურ წყობილებასთან ქართული წყობილების სოციალური უნიფიკაციის მიზნით ჩაატარა მთელი რიგი ღონისძიებები, რომელთა შედეგად შეიქმნა ერთიანი კონსოლიდარებული თავად-აზნაურთა წოდება; 1803 წელს მთავარმმართებელ პ. ციციანოვის თაოსნობით თბილისში დაარსადა ქართველ თავად-აზნაურთა პირველი წოდებრივი ორგანიზაცია — თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო სათანადო დებულებით. დეპუტატთა საკრებულო ირჩევდასამაზრო და საგუბერნიო თავად-აზნაურთა წინამძღოლი (მარშალი) თავად-აზნაურთა წინამძღოლებს (მარშლებს). იგი მოწოდებული იყო დაეცვა ქართველ თავად-აზნაურთა კლასობრივი ინტერესები. ქართველ ფეოდალთა ეს წოდებრივი ორგანიზაცია მოწყობილი იყო რუსეთის გუბერნიების თავად-აზნაურთა ორგანიზაციების მსგავსად. რუსეთის მთავრობის შემდეგი ღონისძიება იყო ვასალურ-სენიორული დამოკიდებულების მოსპობა საქართველოში და რუს თავადაზნაურობასთან ქართველი თავადაზნაურობის უფლებრივი გათანაბრება. 1811 წელს კანონით საეკლესიო აზნაურები ჩამოაცილეს ეკლესიას, 1827 წელს ქართველი თავადაზნაურობა უფლებრივად გაუთანაბრდა რუსეთის თავადაზნაურობას, ამასთან, ცარიზმმა ქართველ თავადაზნაურობას მემკვიდრეობითი ფეოდალური თანამდებობები და საგადასახადო იმუნიტეტი მოუსპო, 1833 წელს კანონით სათავადო აზნაურები გაათავისუფლეს თავადებისადმი ვასალური დამოკიდებულებისაგან (იმერეთ-გურიის მიმართ ასეთი კანონი 1848 წელს გამოიცა), რის შედეგად ხდებოდა მათი სამამულო (ქონებრივი) გამიჯვნაც. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე 1838 წლის კანონი, რომლითაც ქართლ-კახეთში სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოში არჩევნებისას და თანამდებობის დაკავებისას უფლებრივი განსხვავება თავადებსა და მათ ყოფილ სათავადო აზნაურებს შორის მოისპო, მოხდა მათი უფლებრივი ნიველირება.ერთიანი უფლებების მქონე ქართველ თავად-აზნაურთა წოდებაში დამტკიცება ათეულ წლობით გაჭიანურდა. იგი დაიწყო 1809 წელს და დამთავრდა მხოლოდ 1850 წელს (ქართლ-კახეთსა და იმერეთ-გურიაში). 1851 წელს ქართველ თავად-აზნაურთა წოდებრივი ორგანიზაცია — სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულო – შეიქმნა დასავლეთ საქართველოშიც — ქუთაისში.ქართველ თავად-აზნაურთა კლასი მრავალრიცხოვანი იყო. ქართველი თავადაზნაურობა იყო არა მარტო უფლებრივად (სოციალურად) გაბატონებული ფეოდალთა კლასი, რომელიც ექსპლუატაციას უწევდა მწარმოებელ კლასს — გლეხობას, არამედ იგი იყო აგრეთვე მიწის მონოპოლური მესაკუთრე. საქართველოში მიწა-წყლის მეტ ნაწილს თავადაზნაურობა და სამეფო ხაზინა (საქართველოს, შემდეგ რუსეთს) ფლობდა. ასე იყო არა მარტო ფეოდალიზმის პერიოდში, არამედ კაპიტალიზმის ხანაშიც. თავადაზნაურობა, როგორც კლასი, ლიკვიდირებულ იქნა მხოლოდ ოქტომბრის რევოლუციისშემდეგ.

დიდებულები

დიდებული — პრივილეგირებულ წოდებათა (აზნაური, თავადი, ვაჭარი) უმაღლესი სოციალური ფენის წარმომადგენელი ფეოდალური ხანის საქართველოში.„დიდება“ მეფის მიერ აზნაურისათვის დიდი სახელოსა (თანამდებობა) და მისი შესაფერისი ყმა-მამულის ბოძებას ერქვა. დიდებამინიჭებულ აზნაურს დიდებული აზნაური ეწოდებოდა. აზნაური იმთავითვე ცდილობდა სახელო და ყმა-მამული სამემკვიდრეოდ ექცია. XI–XII საუკუნეებში დიდებულთა ცნობილი საგვარეულოების (კალმახელი, ჯაყელი, სურამელი, არიშიანი, ვარდანისძე, კახაბერისძე და სხვა) წარმომადგენლები დიდმოხელეობას თაობიდან თაობამდე ფლობდნენ. მაგ., ქართლის ერისთავობა XII საუკუნის 70-იანი წლებიდან მთელი XIII საუკუნის მანძილზე სურამელების ხელში იყო; რაჭა-არგვეთ-თაკვერის ერისთავებად XI საუკუნის დასაწყისიდან XIII საუკუნის 80-იან წლებამდე კახაბერისძენი იყვნენ; სამცხის ერისთავთ-ერისთავად და სპასალარად XI-XIII საუკუნეებში ჯაყელთა სახლის წევრები ჩანან. ზოგი ერისთავი ამავე დროს სამეფო კარის მოხელეც იყო. მაგ., სვანთა ერისთავი ვარდანისძე თამარის დროსმეჭურჭლეთუხუცესიც იყო. ბექას სამართლით, დიდებული აზნაურის სისხლი 40 ათ. თეთრად იყო შეფასებული, მაშინ, როდესაც ტაძრეული აზნაურის სისხლი 20 ათ. ღირდა, ხოლო აზნაურთა შორის ქვედა საფეხურზე მდგომი უციხო-უმონასტრო აზნაურისა — 12 ათ. თეთრი. ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების მიზნით მონღოლები ხელს უწყობდნენ დიდებულების პარტიკულარულ მისწრაფებებს, მათი შემწეობით დიდებულებმა დაიმკვიდრეს სახელოები და ყმა-მამული. ერისთავი უკვე მთავრად იწოდებოდა. ზოგმა დიდებულმა მთავარმა მეფისაგან სრულ ან ნაწილობრივ დამოუკიდებლობასაც მიაღწია (ათაბაგი, გურიელი, დადიანი).გვიანდელ საუკუნეებში დიდებულების წრიდან შეიქმნა თავადთა სოციალური წოდება. თავადთა შორის უპირატეს მდგომარეობაში მყოფთ „დიდებული თავადი“ ეწოდებოდა. XVII–XVIII საუკუნეებში ქართლის სამეფოში დიდებული თავადი ერქვა ისეთი გაუყრელი სახლის მეთაურს, რომელიც დიდ ყმა-მამულსა და სამოხელეო თანამდებობას ფლობდა (ქსნის ერისთავი, არაგვის ერისთავი, ციციშვილი, ამილახვარი, ორბელიანი და სომხითის მელიქის სახლის მეთაური).ვახტანგის სამართლით, დიდებული თავადის სისხლი 1536 წელს თუმნად იყო შეფასებული. ამავე სამართლის ვაჭართა უმაღლესი ფენის წარმომადგენელს დიდებული ვაჭარი ეწოდებოდა.

თავადი

თავადი — ფეოდალური კლასის ზედაფენის წარმომადგენელი XV—XVIII საუკუნეებში საქართველოში, აზნაურთაგან განსხვავებული ცალკე წოდება.XV საუკუნამდე ფეოდალთა კლასის წარმომადგენელთა საერთო სახელი აზნაური იყო. აზნაურთა ზედა ფენას დიდებული აზნაურები (დიდებულები), ხოლო ქვედა ფენას აზნაურები შეადგენდნენ. „თავადი“ წარმოდგება სიტყვა „თავისაგან“ და ნიშნავს უფროსს. XI—XIV საუკუნეებში ქართულ წყაროებში გვხვდება გამოთქმები „თავადნი კაცნი“, „თავადნი სამეფოსანი“, „თავადი სპათა“, „ვაჭართა თავადი“ და სხვა. ამ შემთხვევებში თავადი უფროსს, თავკაცს ნიშნავს. იმავე დროს თავადი დიდებულის სახლის უფროსსაც უნდა რქმეოდა.თავადთა წოდების წარმოშობა დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკური დაქვეითებასა და პოლიტიკური დაქუცმაცებულობასთან, რის შედეგადაც მოხდა დიდი ცვლილება საადგილმამულო ურთიერთობაში: სახელმწიფო ტერიტორიული და ადმინისტრაციული ერთეულები მეფე-მთავრებისა და მსხვილი ფეოდალების მამულებად იქცა, შეუვალობია მნიშვნელოვნად გადართოვდა და გაღრმავდა, წინ წამოიწია კერძოუფლებრივი საწყისი.თავადი დიდებულის სოციალური მემკვიდრეა. ზოგიერთი ფეოდალური გვარი, რომელიც XV საუკუნამდე დიდებული იყო, XV საუკუნიდან თავადად იწოდებოდა. XV საუკუნის შემდეგაც წყაროებში თავადი და დიდებული ზოგჯერ ერთსა და იმავეს ნიშნავდა.თავადები საქართველოში მეფე-მთავართა, დედოფალთა და ბატონიშვილთა ვასალები იყვნენ. თავის მხრივ მათ ვასალებად ჰყავდათ აზნაურები. თავადის სამფლობელო — სათავადო, შედგებოდა ნაწყალობევი, ნასყიდი და სხვა სახის ყმა-მამულისაგან, რომელიც თავადს „სამკვიდროდ, სამამულედ, უცილობლად და ჴელშეუვლად“ ჰქონდა განსხვისების უფლებითა და იმუნიტეტით.თავადის წოდებრივი უფლებები ვრცელდებოდა მისი სახლის ყველა წევრზე და გადადიოდა მემკვიდრეობით. მეფეს ბეითალმანის უფლება ჰქონდა — ამოწყვეტილ თავადთა მამული მეფის საკუთრებაში გადადიოდა. ყოველ ახალ მეფეს თავადის სამფლობელოს განახლების უფლება ჰქონდა, მაგრამ გვიანდელი საშუალო საუკუნეებში წყალობის განახლების ფორმალური ხასიათი მიეცა. XVI—XVII საუკუნეებში, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება სუსტი იყო, მნიშვნელოვნად გაიზარდა თავადების ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლიერე, მისწრაფება დამოუკიდებლობისაკენ. ხშირად ისინი მეფისაგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდნენ, აწყობდნენ შეთქმულებებს და ზოგჯერ პირადი სარგებლობისთვის უცხოელ დამპყრობლებსაც კი ეხმრობოდნენ. ზოგი თავადი (არაგვის, ქსნისა და რაჭის ერისთავები, აბაშიძეები და სხვა) ისე გაძლიერდა, რომ თითქმის მთავრის უფლებები მოიპოვა.თავადებმა სამემკვიდრეოდ დაიჩემეს დიდი თანამდებობები (სახლთუხუცესი, მდივანბეგი, სარდალი, მოურავი და სხვა), რაც ფეოდალური რენტის მიღების ერთ-ერთი წყარო იყო. თავადი ადმინისტრაციულ საგადასახადო და სასამართლო შეუვალობით სარგებლობდა. ადმინისტრაციული შეუვალობა იმაში გამოიხატებოდა, რომ, ჩვეულებრივ, სათავადოში ცენტრალური ხელისუფლების მოხელეები ვერ შედიოდნენ. თავადის სასახლისა და მამულის მართვა-გამგეობა სამეფო კარის მიბაძვით იყო მოწყობილი. თავადის მოხელეები იყვნენ:სახლთუხუცესი, ბოქაულთუხუცესი, მეჯინიბეთუხუცესი, ზინდართუხუცესი,მოურავი, ნაცვალი, ბოქაულები, იასაულები, მდივანი და სხვა. თავადი მოხელეებად თავისსავე აზნაურებს და მსახურებს ნიშნავდა. მას აზნაურებისა და მსახურებისაგან შემდგარი სამხედრო და საპოლიციო რაზმები ჰყავდა, რომელთა საშუალებით ერთი მხრივ სამეფო ლაშქარში გამოდიოდა, მეორე მხრივ კი მორჩილებაში ჰყავდა გლეხობა. თავადის და მისი ყმა-მამულის მთავარი მოვალეობა მეფე-მთავრებისადმი ლაშქარ-ნადირობა იყო. გარდა ამისა, თავადის მამულს ედო „სახელმწიფო კოდის პური“, საური, საბალახე და სხვა. ზოგიერთი თავადის ყმაგლეხობა ერთი ან ორი სახის გადასახადს იხდიდა, ზოგჯერ თავადის ყმების მხოლოდ ერთი ნაწილი იხდიდა სახელმწიფო გადასახადს, ზოგიერთი თავადის ყმა-მამული კი სულ თავისუფლდებოდა ყოველგვარი სახელმწიფო გადასახადისაგან. განსაკუთრებით გაფართოვდა საგადასახადო შეუვალობა XVII საუკუნის საქართველოში. თავადის სასამართლო შეუვალობა, კანონის თანახმად, სამოქალაქო საქმეებით იფარგლებოდა. მაგრამ რთული საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის და ცენტრალური ხელისუფლების სისუსტის ვითარებაში სახელმწიფო ნორმა ირღვეოდა, თავადები თვითნებობდნენ, ხშირად „დამნაშავე“ გლეხებს ახეიბრებდნენ, ზოგჯერ კლავდნენ კიდეც, ან ოსმალებსა და ირანელებზე ყიდდნენ. გლეხების გაყიდვა განსაკუთრებით ხშირი იყო დასავლეთ საქართველოში. თავადების თვითნებობა და სისასტიკე იწვევდა გლეხთა მღელვარებას და კლასობრივი ბრძოლის გამწვავებას.თავადის სახლს ჰქონდა მეფისაგან ნაბოძები „სახლისკაცობის რიგი და და წესი“, სადაც ჩამოყალიბებული იყო სახლის უფროსისა და სხვა წევრების უფლება-მოვალეობანი, ყმა-მამულის მოვლის წესი, შემოსავლის განაწილების რიგი და სხვა. თავადის სახლს თავისი „უფროსი და პატრონი“ ჰყავდა, რომელსაც მეფე ნიშნავდა „სახლისკაცების ნებაყოფლობით“, თუმცა ხშირად იძულებული იყო სალისკაცების მიერ არჩეული ან თავისით „დამჯდარი“ სახლის უფროსი ეცნო. ეს იყო სიუზერენის მიერ ვასალის შეწყალება-დალოცვის წესის გადმონაშთი. სახლის უფროსს — თავადი, ხოლო სახლისკაცებს თავადიშვილები ეწოდებოდათ. სახლის უფროსი იყო უზენაესი გამგებელი სათავადოში. მას ეკითხებოდა მამულის მართვა-გამგეობა, ურთიერთობა მეფესთან, მეზობელ თავადებთან და სხვა. სახლის უფროსი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობით თავადიშვილზე მაღლა იდგა. მისი სისხლი ორჯერ მეტად იყო შეფასებული, ვიდრე სალისკაცისა. ყმა-მამულის შემოსავლიდან ორი წილი მიჰქონდა სახლის უფროსს, თითო — სახლისკაცებს. თავადის სახლში ხშირად იყო ბრძოლა სახლის უფროსობისა და შემოსავლის წილისათვის.ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის მიხედვით, საქართველოში თავადთა 3 კატეგორია იყო: 1. დიდებული თავადი 2. შუა თავადი და 3. დაბალი თავადი ანუ მესამე თავადი პირველი კატეგორიის სისხლი 1536 თუმნად, მეორისა 768, ხოლო მესამისა 384 თუმნად იყო შეფასებული. სამართლის წიგნი დიდებულობის ორ კრიტერიუმს ასახელებს: სახლის განუყოფლობა და შესაბასი სიგელი. ვახტანგ VI-ის დროიდან გიორგი XII-მდე ეს კრიტერიუმები მხოლოდ 6 გვარმა დააკმაყოფილა: ამილახვარი, თარხან-მოურავი, მუხრანბატონი, ქსნის ერისთავი, ციციშვილი, ჯამბაკურ-ორბელიანი, ხოლო არაგვის ერისთავი მეფე ერეკლე II-მ კახეთს გადაასახლა და მე-3 ხარისხამდე დააკნინა. იმერეთში უფრო ცვალებადი ვითარება იყო, თუ XVII საუკუნის შუა წლებისათვის — დიდებულებად ითვლებოდა აბაშიძე, რაჭის ერისთავი, წერეთელი, ჩიჯავაძე და წულულიძე, სოლომონ II-ის დროს კი ფაქტობრივად მხოლოდ წერეთლები და აბაშიძენი იყვნენ დიდებულები. კახეთის დიდებული თავადები იყვნენ მხოლოდ ჩოლოყაშვილები და ანდრონიკაშვილები. დიდებული თავადები აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის მართვა-გამგეობაში და დიდ გავლენას ახდენდნენ სახელმწიფო საქმეებზე, ხშირად მეფის წინააღმდეგაც გამოდიოდნენ.XVIII საუკუნის II ნახევარში ერეკლე II-მ სცადა შეეზღუდა თავადების თვითნებობა და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია: გააუქმა არაგვისა და ქსნის საერისთავოები, ამილახვართა მამულის ნაწილი ნასისხლად აიღო თავისთვის, რამდენადმე აღადგინა „ბატონყმური რიგი“, შეზღუდა ცალკეულ თავადთა შეუვალობა. ანალოგიური ღონისძიებების გატარებას ცდილობდა XVIII საუკუნის შუა წლებში დასავლეთ საქართველოში სოლომონ I. მან გაანადგურა რაჭის ერისთავი და ზოგიერთი სხვა მოღალატე თავადი, აბაშიძეებს ჩამოართვა მამულის ნაწილი და სამეფო მამულს შეუერთა და სხვა. აღნიშნულმა ღონისძიებებმა რამდენადმე გააძლიერა ცენტრალური ხელისუფლება როგორც ქართლ-კახეთში, ისე იმერეთში.XIX საუკუნეში, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, ცვლილებები მოხდა თავადთა წოდებაშიც. მნიშვნელოვნად შეიზღუდა თავადების შეუვალობა, მათ დაკარგეს პოლიტიკური უფლებები. თავადების ვასალობიდან განტავისუფლდნენ აზნაურები, ორგანიზაციულად გაფორმდა თავად-აზნაურთა წოდება.

აზნაური

აზნაური — ფეოდალური საზოგადოების გაბატონებული კლასის წარმომადგენელი. ტერმინი უცხოური წარმოშობისაა და ქართულად გაფორმებულ სიტყვად არის მიჩნეული. ზოგიერთი მკვლევარი — სპარსულ „ზანას“ (გვაროვნობათა კავშირი, ერი) უკავშირებს, ზოგი — სპარსულ „აზნას“ (წარჩინებული) ეტიმოლოგია : თავდაპირველად “აზნაური” “თავისუფალს” ნიშნავდა, უძველეს ქართულ ნათარგმნ ლიტერატურაში (ძველი და ახალი აღთქმის წიგნები) ამ მნიშვნელობით არის ნახმარი. ქართლის ცხოვრების მიხედვით ფარნავაზმა აზნაურები უწოდა იმ თავისუფალ ბერძენ(რომაელ) მხედრებს რომლებიც აზოსთან ბრძოლის დროს მისი მხარე დაიჭირეს.„ხოლო იგი ჰრომნი ათასნი მჴედარნი, რომელნი აზონისგან მოერთნეს ფარნავაზს, რომელი ზემოთ ვაჴსენეთ, იგინი განყვნა ჴევთა და ქუეყანათა შინა, იპყრნა იგინი კეთილად, რამეთუ ბრძოლასა მას აზონისსა მჴნედ იყვნეს. და უწოდა მათ სახელად აზნაურნი.“”აზნაურთა”, “დიდ-დიდ აზნაურთა” და “უაზნოთა” არსებობა ქართლში უკვე V საუკუნის II ნახევრის ორიგინალურ ძეგლში “შუშანიკის მარტვილობაშია” დადასტურებული. იმდროინდელ საქართველოში არსებობდა წოდებრივი ჯგუფები, კერძოდ, მემკვიდრეობითი პრივილეგიებოთ აღჭურვილი მემამულეთა წოდება. სახელწოდება “აზნაური” მომდევნო პერიოდში ყველა წარჩინებულზე გავრცელდა და სწორედ ამ წოდებას აღნიშნავდა. ასე რომ ქართული “აზნაური” დაახლოებით იმასვე აღნიშნავდა, რასაც დასავლეთ ევროპაში ნობილიტეტი (წარჩინებული). აზნაურთა წოდების შინაგანი აღნაგობა სულ უფრო რთულდებოდა. რაც შეეხება “ტახტის აზნაურს”, მას შეესაბამებოდა დასავლეთ ევროპული ტიტული “Count” (რუსული “Граф”). “სათავადო აზნაური”-ს (ისევე როგორც “ცალმოგვი აზნაური”-ს) შესატყვისი დასავლეთ ევროპული ტიტული კი იყო “Chevalier” IX საუკუნიდან მოყოლებული და შემდეგ, ფეოდალური მონარქიის ხანაში, X-XIII საუკუნეებში ეს სტრუქტურა ასე წარმოგვიდგა: ყველაზე მაღალ წრეს შეადგენდნენ “დიდებულნი აზნაურნი” ან მარტივად “დიდებულნი” – მსხვილი ფეოდალური არისტოკრატია. დიდებულად იწოდებოდა ისეთი აზნაური, რომელიც დიდი მამულისა და მრავალრიცხოვან ყმათა მფლობელი იყო და ამიტომ ესა თუ ის დიდი თანამდებობაც ეჭირა. ასეთ აზნაურს საკუთარი ციხეც ჰქონდა. ამდენად “დიდებული აზნაური” და “ციხოვანი” ანუ “ციხის უფალი აზნაური” მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე იყო. იყვნენ აგრეთვე “უციხო აზნაურნი” – საშუალო და წვრილი აზნაურობა. რადგან აზნაურული პრივილეგიები მემკვიდრეობითი ხასიათისა იყო, ამიტომ ამ წოდების დიდი უმრავლესობა “მემამულე”, “ნათესავით” (ე.ი. მემკვიდრეობითი) აზნაურებისაგან შედგებოდა. შედარებით იშვიათად შეიძლებოდა “გააზნაურებაც”, განსაკუთრებით მეფის სამსახურში დაწინაურების გზით. ამგვარად ჩნდებოდა “მსახურეულ აზნაურთა” ჯგუფი (“ტაძრეულნი აზნაურნიც” ალბათ იგივენი იყვნენ), რომელიც “დიდგვაროვანთა” “მსახურეული სახლებისაგან” განსხვავებით ახლად იძენდა წოდებრივ პრივილეგიებს. ამ წრეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა აბსოლუტიზმისადმი მიდრეკილების მქონე მეფეების ცენტრალისტური პოლიტიკისათვის. მემკვიდრეობითი მსხვილი მემამულე არისტოკრატიისა და საშუალო და წვრილი აზნაურობის შინაკლასობრივი ანტაგონიზმი განსაკუთრებით მწვავდებოდა მაშინ, როცა დიდგვაროვან ფეოდალებს ეს “უგვარო” და ახლად აღზევებული გააზნაურებული მდაბიონი უპირისპირდებოდნენ.სამეფო სამსახურში დაწინაურება მეფეთა “წყალობისა” და “ბოძების” გზით იწვევდა, პირველ ყოვლისა, მიწის, აგრეთვე ფეოდალური მფლობელობის სხვა ობიექტის იმ მატერიალური საფუძვლის ზრდას, რაზედაც დამყარებულია სოციალური-პოლიტიკური კეთილდღეობა და ბატონობა ფეოდალურ საზოგადოებაში. თავდაპირველად ამ “საბოძვრებს” პირობითი სამფლობელოს, “საკარგავის”, ხასიათი ჰქონდა და მათი მფლობელნიც “მოსაკარგავე” აზნაურებად იწოდებოდნენ. სოციალური რაობით ამ ფენას შეესაბამება XIV-XVII საუკუნეები რუსული “დვორიანსტვო”. მოსაკარგავე აზნაურები გამუდმებით ცდილობდნენ სამფლობელოს პირობითი ხასიათი შეეცვალათ და სამემკვიდრეოდ ექციათ. ჩვეულებრივ ეს ტენდენცია მიზანს აღწევდა: იმკვიდრებდნენ არა მარტო მიწებს, არამედ პირობითი მფლობელობის სხვა ობიექტებსაც, მაგ., სახელმწიფო თანამდებობებს. ასე ყალიბდებოდა ახალი მსხვილი მემამულე არისტოკრატია, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ძველი დიდგვარიანების პოზიციას იჭერდა.აზნაურთა წოდების სხვადასხვა ფენის შინაარსობრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი იყო, ე. წ. პატრონყმობა, რომელსაც საფუძვლად აგრეთვე საადგილმამულო ურთიერთობა ედო. პატრონყმობის ურთიერთობა ქმნიდა აზნაურის დამოკიდებულებას არა მარტო მეფისაგან არამედ აზნაურისაგანაც. სათანადო ფაქტებს უკვე ადრინდელი ფეოდალურ ხანაშივე ვხვდებით. აზნაურთა წოდების განვითარების ისტორიაში განსაკუთრებით საინტერესოა თავადთა ინსტიტუტის საკითხი. ძველ ხანაში თავადები, როგორც ჩანს, მხოლოდ აზნაურთა საგვარეულოების თავკაცები იყვნენ, მაგრამ XIV-XV საუკუნებში ისინი უკვე ჩამოყალიბდნენ ცალკე წოდებად, რომელიც ფეოდალურ იერარქიაში აზნაურებზე მაღლა მოექცა. თავადთა ხელში პოლიტიკური ძალაუფლების გადასვლის შემდეგ აზნაურთა წოდება შედარებით დაკნინდა და დამოუკიდებელი მნიშვნელობა დაკარგა.XVI-XVII საუკუნეებიდან აზნაურობა თანდათან მოექცა მეტ-ნაკლებად მყარ დამოკიდებულებაში სამეფო სახლთან, ეკლესიასა და თავადებთან. ამ გზით აზნაურთა სამი ჯგუფი ჩამოყალიბდა. სამეფო აზნაურები (იგივე “ტახტის აზნაურები”) მეტი პრივილეგიებითა და გავლენით სარგებლობდნენ, ვიდრესაეკლესიო და სათავადო აზნაურები. დამოკიდებულების საფუძველი ყველა შემთხვევაში ერთი იყო – აზნაურს ბატონის მამული ეჭირა. აზნაურს ბატონისაგან წასვლის უფლება ჰქონდა იმ შემთხვევაში, თუ მას მიწასა და იქ დასახლებულ ყმებზე უარს იტყოდა. ბატონის უფლებები აზნაურის მიმართ დიდი იყო. ბატონს შეეძლო აზნაური მზითვადაც გაეცა. მეფეთა მიერ აზნაურის გაჩუქება ან მზითვად გატანება საეკლესიო და სათავადო აზნაურების გაჩენის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენდა. ამ დამოკიდებულების წარმოშობის მეორე უმნიშვნელოვანესი პირობა იყო აზნაურთა მცირემემამულიანობა ან უმამულობა, რა მათ აიძულებდა მსხვილ საეკლესიო თუ საერო მიწისმფლობელთა მფარველობისათვის მიემართათ. უმთავრესად მამულის სიდიდისა და ყმათა რიცხვის მიხედვით, ნაწილობრივ კი შთამომავლობის მიხედვითაც, აზნაურები სამ ხარისხად განიყოფებოდნენ, კერძოდ, სისხლის ფასის მხრივ ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი იცნობს დიდს(ანუ გადიდებულს), შუასა და ცალმოგვ აზნაურს. პირველის სისხლს აფასებს 192, მეორისას – 96, მესამისას – 4 50 თუმნად. აზნაურის საგვარეულოს გაყოფა მამულის დაქუცმაცებას მოასწავებდა და ამ იერარქიულ კიბეზე ჩამოქვეითების მიზეზი ხდებოდა.რუსეთის მმართველობის დამყარების შემდეგ ქართველ აზნაურთა მდგომარეობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. მეფის ბიუროკრატიული მთავრობა ფორმალურად თითქოს იჩენდა მიდრეკილებას ქართველ თავადაზნაურობა განეხილა ისეთივე სოციალურ მოვლენად, როგორსაც ეს კლასი თვით რუსეთში წარმოადგენდა (ამას მოითხოვდა აგრეთვე 1783 წლის ტრაქტატის სათანადო მუხლი), მაგრამ არსებითად ეს საკითხი ძალთა რეალურ განლაგებასა და საერთო პოლიტიკურ მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული. ცარიზმს ახლად დაპყრობილ ქვეყანაში ეს კლასი თავის სოციალურ დასაყრდენად მიაჩნდა და ცდილობდა მის ისეთ ორგანიზებას, რომ ყველაზე საიმედო ელემენტები გამოეაშკარავებინა.1803 მთავარმართებელ პ. ციციანოვის პროექტის თანახმად, ქართლ-კახეთში დაარსდა თავადაზნაურობის წარმომადგენლობით ორგანოები – სამაზრო და საგუბერნიო დეპუტატთა საკრებულოები. სათანადო “წესებში” რელიეფურად ჩანდა მოვლენის სოციალურ-ეკონომიკური ბუნება: საარჩევნო და წარმომადგენლობითი უფლება, ისე როგორც რუსეთში, საქართველოშიც სრ მისცეს იმ აზნაურებს, “რომელთაც არ ჰქონდათ არავითარი საკუთრება და არავითარი შემოსავალი”. ცოტა გვიან დადგა საკითხი მსხვილ ფეოდალთაგან დამოკიდებულ აზნაურთა პირადი და სამამულო უფლებების შესახებ. საკითხი ეხებოდა საეკლესიო და სათავადო აზნაურებს. სამეფო აზნაურები მექანიკურად ჩაირიჩხნენ სახაზინო უწყებაში. 1811 წელს მთავრობამ საეკლესიო აზნაურებიცმამულითა და ყმით სახაზინო უწყებაში გადარიცხა. ამასთან სახაზინო მიწებზე მათი გადასახლების განკარგულება გასცა.ბევრად უფრო რთული იყო თავადთაგან დამოკიდებულ აზნაურთა საკითხი. მთავარმართებელ ნ. რტიშჩევია აზრით, სათავადო აზნაურები მდაბიოებად უნდა ჩათვლილიყვნენ და არ უნდა ესარგებლათ რუსეთის აზნაურთა პრივილეგიებით. 1816 რტიშჩევს უცდია კიდეც ამ შეხედულების განხორციელება. შემდეგ მთავრობამ კურსი შეცვალა. 1820 წელს მთავარმართებელ ა. ერმოლოვის წინადადებით, “საქართველოს უმაღლესი მთავრობის საზოგადო კრებამ” განიხილა სათავადო აზნაურთა საკითხი და გამოიტანა დასკვნა – თავადთა ყმა აზნაურები სამეფო აზნაურთა ტოლნი არიანო. მწვავედ დადგა ამ აზნაურთა მამულების საკითხი. 1825 “საქართველოს უმაღლესი მთავრობის საზოგადო კრებამ” ერმოლოს წარუდგინა მოსაზრებები ამის შესახებ, სახელდობრ:

ა) თავადებს უცილობელი უფლება უნდა ჰქონოდათ იმ მამულზე, რომლითაც აზნაური თავადის ყმობაში შევიდა მეფეთა წყალობის სიგელით, აგრეთვე თვით თავადის მიერ აზნაურისთვის ნაბოძებ და აზნაურის მიერ ომავე თავადის სხვა აზნაურისგან ნასყიდ ან მზითევში მიღებულ მამულებზე.

ბ) წასვლის შემთხვევაში აზნაური უტოვებდა თავადს ზემოხსენებული სახის მამულს მასზე მოსახლე გლეხებით;

გ) აზნაურთა უცილობელ საკუთრებად რჩებოდა თავადის ყმობაში ყოფნისას მეფის მიერ პირადად მისთვის ან მისი წინაპრებისათვის ნაწყალობევი და აგრეთვე თავისი ბატონისაგან ან უცხო მფლობელისაგან ნაყიდი მამული.

ცენტრალური მთავრობის შეხედულება ამ საკითხზე გამომჟღავნდა მაშინ, როცა სენატმა თავად ორბელიანებისა და მათი ყმის აზნაურ ყაითმაზაშცილის საქმის გარჩევისას გამოთქვა მოსაზრება, რომ ყაითმაზაშვილების დამოკიდებულება ორბელიანებისაგან “ფეოდალური დამოკიდებულების სახე” იყო და არა “მიმაგრება”. უფრო ზოგადი სახე ამ შეხედულებამ მიიღო 1833, როდესაც ნიკოლოზ I-მა დაამტკიცა სახელმწიფო საბჭოს აზრი, რომ “ხსენებული აზნაურები თავადების დამოკიდებულებაში არ უნდა იმყოფებოდნენ და რომ ისინი უნდა მიჩნეულ იქნენ სამეფო აზნაურთა თანასწორად”. ამ კანონმა სათავადო აზნაურები ყმობისაგან გაათავისუფლა და ქართველ თავადებთან ერთად რუსეთის “დვორიანსტვოს” გაუთანასწორა. საადგილმამულო მფლობელობის საკითხს იგივე დოკუმენტი შეწმდეგნაირად წყვეტდა: თავადებს მათთვის მეფის მიერ ნაწყალობევ აზნაურთა მამულზე უცილობელი უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭებოდათ, თუ წყალობის სიგელში სპეციალურად იქნებოდა აღნიშნული, რომ აზნაური ნაბოძებია მამულიანად.სხვა შემთხვევაში მამული აზნაურს უნდა დარჩენოდა. ასევე აზნაურს უნდა მიკუთვნებოდა მეფის მიერ ნაბოძები ან თვითონ მის მიერ ნაზიდი მამული. უშვილობის შემთხვევაში ნამზითვი დარჩებოდა ქალის ნათესაობას. თავადის მიერ ნაჩუქარი მამული აზნაურს მხოლოდ თავადისავე სურვილით შეიძლებოდა მიეღო. თავადმა განთავისუფლებულ აზნაურს უნდა აუნაზღაუროს ბატონის მიწაზე ბატონისავე ნებართვით გაშენებული ბაღ-ვენახის და სხვადასხვა ნაგებობათა ღირებულება. თავადისაგან განთავისუფლებული აზნაური სახაზინო გლეხთა წოდებაში ჩაირიცხებოდა, სანამ აზნაურობას ფორმალურად დაამტკიცებდა. ამას გარდა, მას სახაზინო მიწაც მიეცემოდა, განსაკუთრებით ღარიბ აზნაურს ეს მიწა შემდეგაც არ ჩამოერთმეოდა. თავადებსა და მათგან განთავისუფლებულ აზნაურთა შორის საადგილმამულო დავის გასარჩევად 1836 დაარსდა ადგილობრივი “საშუამავლო” სასამართლოები. მაგრამ რადგან ეს სასამართლოები მთლიანად ტავადთა გავლენაში მოექცნენ და აზნაურები განუწზვეტლივ ჩიოდნენ მათი უმოქმედობის შესახებ, მათ ნაცვლად 1846 ქ. გორში დაარსდა “განსაკუთრებული დროებითი კომისია”. ამგვარად, რუსეთის თვითმპზრობელობამ ეს მნიშვნელოვანი საკითხი თავისი ბუნების შესაფერად და საკმაოდ ოსტატურად გადაჭრა.მთავრობის წვრილი აზნაურეობის გაძლიერებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს უპირისპირებდა უკმაყოფილებას, რომელსაც ძველი პოლიტიკური უფლებების დაკარგვის გამო სულ უფრო მეტად ამჟღავნებდა ქართველი მსხვილი მემამულე არისტოკრატია. შემთხვევითი არ არის, რომ მთავრობის სათანადო აქტი გამოქვეყნდა 1832 წლის შეთქმულების მომდევნო წელსვე. საყურედღებოა ისიც, რომ 1833 პეტერბურგის მმართველი წრეები ამ მხრივ მეტ რადიკალობას იჩენდნენ, სიდრე ადგილობრივი ხელისუფალნი ოციანი წლების დამდეგს. “დიდგვაროვანთა” მიმართ თვითმპყრობელობა მაინც ერიდებოდა უხეშ ზომებს, რადგან მისი მიზანი იყო ამ ჯგუფის ერთგვარი “დატუქსვა” და არასრული გარიყვა. აზნაურთა განთავისუფლებით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურება თავადებს სახელმწიფო სამსახურით შეეძლოთ. მთავრობა მათ ამისათვის ფართო შესაძლებლობას უქმნიდა. მთავრობა კიდევ უფრო დიდ სიუხვეს იჩენდა გლეხობის ხარჯზე ორივე წოდების გულის მოსაგებად: XIX საუკუნის I ნაევარში თვითმპყრობელობამ საქართველოში ზედიზედ გამოსცა რამდენიმე განკარგულება, რომლებიც მიზნად ისახავდნენ გლეხობის სრულ დამონებას. გლეხებს აეკრძალათ სასამართლოში ბატონზე საჩივრის შეტანა და სასამართლოს საშუალებით თავისუფლების ძიება. ბატონებს კი, პირიქით, უფლება მიენიჭათ მკაცრად გასწორებოდნენ ურჩ ყმებს. ამ ღონისძიებებით ადგილობრივი გაბატონებული კლასების ყურადღება პოლიტიკური სფეროდან სოციალურ სფეროში იქნა გადატანილი. ერთგვარი შინაკლასობრივი ანტაგონიზმი თავადებსა და აზნაურებს შორის შემდეგშიც იჩენდა თავს.აზნაურობის ეკონომიკური საფუძვლის – ბატონყმური მეურნეობის – რღვევამ ამ წოდების შეუჩერებელი დაცემა გამოიწვია. ბატონყმობის გაუქმებამ და კაპიტალისტურ ურთიერთობათა განვითარებამ აზნაურობა საბოლოოდ გააღატაკა. ოქტომბრის რევოლუციამ საბოლოოდ მოსპო აზნაურობა, როგორც მემამულეთა კლასის ნაწილი და პრივილეგიური წოდება.

სამეფო აზნაური

სამეფო აზნაური — მეფის უშუალო ვასალი ფეოდალი შუა საუკუნეების საქართველოში. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში სამეფო აზნაურებში შედიოდნენ მთლიანად ფეოდალური კლასის წარმომადგენლები, XI საუკუნიდან — მისი დაბალი წოდების წარმომადგენლები. მეფე, გარდა თავისი უშუალო ყმა-ვასალებისა, სამეფო აზნაურისა, უმაღლესი სენიორი იყო ქვეყნის ყველა ფეოდალის (როგორც სასულიერო, ისე საერო). ის თავის ვასალებად თვლიდა აგრეთვესათავადო და საეკლესიო აზნაურებს (მეფის ვასალის ვასალი მისი ვასალიც იყო). სამეფო აზნაურები რაოდენობრივად აღემატებოდნენ საეკლესიო და სათავადო აზნეურებს (განსაკუთრებით ეს ითქმის კახეთზე).სამეფო აზნაურების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, აღზევება-დამცროება, სამეფო ხელისუფლების სიძლიერეზე და მთლიანად ქვეყნის მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული. მეფის გაძლიერებასა და ქვეყნის აღორძინებასთან ერთად ძლიერდებოდნენ და წინაურდებოდნენ სამეფო აზნაურებიც (XII საუკუნე, XVII საუკუნის II ნახევარი — XVIII საუკუნის I მეოთხედი; XVIII საუკუნის II ნახევარი); სამეფო ხელისუფლებისა და ქვეყნის დაცემა-დაკნინების ხანაში სამეფო აზნაურებიც სუსტდებოდნენ და ეძებდნენ მფარველობას დიდ ფეოდალებთან (XIII — XVI საუკუნეები; XVIII საუკუნის II მეოთხედი).სამეფო აზნაურის დაწინაურების უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა (დიდი სამოხელეო პატივისა და ყმა-მამულის მიღების გზით), ვიდრე სათავადო და საეკლესიო აზნაურს. ამის გამო ზოგი სამეფო აზნაური XVII—XVIII საუკუნეებში თავისი სიძლიერით თავადს არ ჩამოუვარდებოდა (სააკაძე, შანშიაშვილი,გაბაშვილი, თურქისტანიშვილი…). სამეფო აზნაურთა რიგების შევსება ხდებოდა მეფის მიერ სათავადო და საეკლესიო აზნაურების გადმობირებით, სხვა სამეფო-სამთავროებიდან მოსულ აზნაურთა შეფარებით და გლეხების გააზნაურებით. განსაკუთრებით ფართო ღონისძიებები ჩაატარა სამეფო აზნაურთა რაოდენობის გასაზრდელად ერეკლე II-მ. 1783 ტრაქტატზე დართული სიის მიხედვით, იმდროინდელ ქართლში ყოფილა 82 სამეფო აზნაურის სახლი, ხოლო კახეთში — 36 აზნაური. რუსეთთან შეერთების შემდეგ საქართველოს სამეფო აზნაურები ჩაირიცხნენ სახაზინო უწყებაში და თავადებთან ერთად რუსეთის „დვორიანსტვოს“ გაუთანასწორდნენ.

სათავადო აზნაური

სათავადო აზნაური, თავადის ყმა-ვასალი XV-XVIII საუკუნეებში საქართველოში (ვასალიტეტი, როგორც ფეოდალური კლასის შინაგანი ორგანიზაციის ფორმა, ქართლსა და სამხრეთ საქართველოში ადრინდელი შუა საუკუნეებშივე წარმოიქმნა უფალ-მონობის სახელწოდებით). სათავადო აზნაური მემკვიდრეა IX-XIV საუკუნეების დიდებულის ვასალ-აზნაურისა (ისევე, როგორც ეს უკანასკნელი – ადრინდელი ფეოდალური ხანის დიდი აზნაურის ვასალის – მცირე აზნაურისა).თავადსა და აზნაურს შორის პატრონ-ყმური (ე. ი. სენიორულ-ვასალური) დამოკიდებულების საფუძველი იყო სამამულე მფლობელობა: აზნაურის ყმა-მამული თავადის ყმა-მამულის შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა, ე. ი. საკუთრების უფლება სათავადო აზნაურის ყმა-მამულზე დანაწევრებული იყო თავადსა და აზნაურს შორის. სამამულე ურთიერთობა საფუძვლად ედო აზნაურის პირად დამოკიდებულებას თავადზე (თუმცა აზნაური იურიდიულად თავისუფალი იყო): ის ვალდებული იყო შეესრულებინა თავადის კარზე ან მის მამულში სხვადასხვა სამოხელო სამსახური (სახლთუხუცესის, ბოქაულთუხუცესის, ნაზირის,მოურავის და სხვა), აგრეთვე ხლებოდა მას როგორც მშვიდობიან დროს, ისე ლაშქრობაში. აზნაურის ყმა-მამულის შემოსავლიდან პატრონ-თავადი სხვადასხვა ფორმით იღებდა წილს (აზნაურისათვის ძრვნისა და შესაწევარის მირთმევის ვალდებულების დაკისრება ქორწილის ან სხვა რაიმე საგანგებო შემთხვევაში; აზნაურის ყმა გლეხების ექსპლუატაცია – მათზე თავადის სასარგებლოდ შრომითი ვალდებულებისა და ფულადი თუ ნატურალური გამოსაღების დაკისრება; აზნაურის ხლება თავისი ნუზლითა და აღწურვილობით, რაც აგრეთვე თავადის სასარგებლოდ ხარჯის გაღების ერთ-ერთი ფორმა იყო). მიუხედავად იმისა, რომ აზნაური პირადად თავისუფალი იყო (თავადს არ ჰქონდა უფლება აზნაურის დასახიჩრევა-მოკვლისა), თავადი ყოველნაირად ზღუდავდა ამ თავისუფლებას, ეწინააღმდეგებოდა მის წასვლას (თავადისაგან წასვლის შემთხვევაში აზნაურს ხელი უნდა აეღო თავის ყმა-მამულზე), ცდილობდა მიეთვისებინა მისი განსხვისების (გაყიდვა, გამზითვება) უფლება.სათავადო აზნაურისა და მეფეს შორის თავადი იდგა, მაგრამ დამოუკიდებულება მეფესა და სათავადო აზნაურს შორის ბოლომდე მაინც არ გაწყვეტილა. ქართლისა და კახეთის მეფეები (ერეკლე I, ვახტანგ VI, ერეკლე II) ატიურად ერეოდნენ თავადისა და აზნაურის ურთიერთობაში და ხშირ შემთხვევაში ახორციელებდნენ სათავადო აზნაურზე თავის სენიორულ უფლებებს.სათავადო აზნაურები, ისევე როგორც მთლიანად სათავადო ყმა-მამული, კუთვნილების მიხედვიღ 3 ჯგუფად იყოფოდნენ: სახასო (სათავადო სახლის საერთო საკუთრება), საუფლისწულო (თავადიშვილების საკუთრება), სათავისთავო (თავადიშვილის ოჯახის წევრების ინდივიდუალური საკუთრება).სათავადო აზნაურები დიდი რაოდენობით იყვნენ ქართლისა და ლიხთ-იმერეთის სამეფოებში. კახეთის სამეფოში სათავადო აზნაურები XVIII საუკუნემდე წყაროებში თითქმის არ ჩანან (მცირე გამონაკლისის გარდა), XVIII საუკუნეშიც აქ სათავადო აზნაური შედარებით მცირე რაოდენობით არიან. თვით ქართლში და ლიხთ-იმერეთშიც ყვალა თავადს არ ჰყავდა ყმა აზნაური. 1783 წელს ტრაქტატზე დართული სიის მიხედვით ქართლის 38 თავადიდან მხოლოდ 21-ს ჰყავდა ყმა აზნაურები.კახეთის შესახებ გამოთქმულია მოსაზრება, რომ იქ სათავადო აზნაურობა არ ყოფილა, რომ კახეთის აზნაურობამ “ცენტრალური ხელისუფლების ხელის შეწყობით თავადებისაგან დამოუკიდებელი არსებობა ძირითადად შეინარჩუნა” (გ. აკოფაშვილი); სხვა თვალსაზრისით კახეთში იყვნენ როგორც სამეფო ისე სათავადო და საეკლესიო აზნაურები (გ. ჯამბურია).აზნაურები ცდილობდნენ თავადების ყმობისაგან განთავისუფლებას (ეს ლტოლვა განსაკუთრებით გაძლიერდა XVIII საუკუნეში). ამის საფუძველზე დაიწყო შინაკლასობრივი ბრძოლა თავადებსა და აზნაურებს შორის. მაგრამ შუა საუკუნეების საქართველოში არ აღმოჩნდა ხელსაყრელი პირობები ვასილიტეტის მოშლისათვის. ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ XIX საუკუნის I ნახევარში, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ. 1833 სათავადო აზნაურები გათავისუფლდნენ თავადების ყმობისაგან და ქართველ თავადებთაბ ერთად რუსეთის “დვორიანსტვოს” გაუთანაბრდნენ.

საეკლესიო აზნაური

საეკლესიო აზნაური, ეკლესიის (საკათოლიკოსო და საეპარქიო საყდრები, დიდი მონასტრები) ვასალი ფეოდალი შუა საუკუნეების საქართველოში. XI საუკუნიდან, როდესაც ფეოდალური კლასი 2 წოდებად ჩამოყალიბდა (XI-XIII საუკუნეებში — დიდებულები და აზნაურები, XIV-XVIII საუკუნეებში — თავადებიდა აზნაურები), საეკლესიო აზნაურად ითვლებოდა მხოლოდ ფეოდალური კლასის ქვედა წოდების წარმომადგენელი.საეკლესიო აზნაურებს შუა საუკუნის საქართველოში ეკლესიისშვილებსა და მონასტრისშვილებს უწოდებდნენ (ვარიანტები – საყდრისშვილები, მცხეთისშვილები, ვარძიისშვილები, ქვათახევისშვილები, რუისის საყდრისშვილები, გერგეტის საყდრისშვილები, აწყურის საყდრისშვილები და სხვა).XIV-XVIII საუკუნეებში საქართველოში საეკლესიო აზნაურთა რაოდენობა უფრო მცირე იყო, ვიდრე სამეფო და სათავადო აზნაურებისა. ადრე კი ისინი უფრო მრავალრიცხოვანი ყოფილან. საეკლესიო აზნაურთა შემცირება გამოიწვია საგარეო მტრების თარეშის, შინაფეოდალური აშლილობისა და სამეურნეო ნგრევის შედეგად მრავალი ეპარქიისა და მონასტრის შესუსტებამ ან სრულიად მოშლამ. ყველაზე მეტი აზნაური ჰყავდა მცხეთის საკათოლიკოსო საყდარს -სვეტიცხოველს, ყველაზე ძლიერ საეკლესიო სენიორიას შუა საუკუნეების საქართველოში (XI-XV საუკუნეებში მას ჰქონდა დიდი რაოდენობის ყმა-მამული საქართველოს ყველა კუთხეში, ხოლო XVI-XVIII საუკუნეებში – ქართლ-კახეთში). ამ ყმა-მამულს განაგებდნენ საეკლესიო აზნაურები, რომლებსაც მეფისაგან და კათოლიკოსისაგან ბოძებული ჰქონდათ სხვადასხვა სამოხელო პატივი. მაგ., XVII-XVIII საუკუნეებში კათოლიკოსის სახლთუხუცესის ხელი მემკვიდრეობით ეპყრათ სვეტიცხოვლის აზნაურებს მაღალაშვილებს, ხოლო საკათოლიკოსო სარდლობა სვეტიცხოვლის აზნაურებს გედევანიშვილებს (მცხეთის სასარდლო ცალკე სადროშოს არ წარმოადგენდა, იგი მეფის სადროშოში შედიოდა), იყვნენ აგრეთვე ბოქაულთუხუცესები, მეჯინიბეთუხუცესები, ქადაგები, სუფრაჯები, მდივანმწიგნობრები, ნაზირები, სოფლების მოურავები, მეღალე-მებალახეები და სხვები.1783 წლის ტრაქტატზე დართული სიის მიხედვით, იმდოინდელ ქართლში იყო სამეფო აზნაურის 82, სათავადო აზნაურის 188, ხოლო საეკლესიო აზნაურის მხოლოდ 17 სახლი. ეს სია, რა თქმა უნდა, ნაკლულია, მაგრამ მაინც იძლევა მიახლოებით წარმოდგენას საეკლესიო აზნაურების შეფარდებაზე სამეფო და სათავადო აზნაურებთან.საეკლესიო აზნაურის უშუალო სენიორები (პატრონები, ბატონები) იყვნენ ამ საეკლესიო სენიორიის მეთაურები – კათოლიკოსი, ეპისკოპოსები ან მონასტრის წინამძღვრები. თავის მხრივ ეპისკოპოსებისა და წინამძღვრების უშუალო სენიორები იყვნენ მეფე, კათოლიკოსი ან თავადები (იმის მიხედვით, თუ სად შედიოდა ეს სასაყდრო თუ სამონასტრო სენიორია ტერიტორიულად: სამეფო დომენში, საკათალიკოსო მამულში თუ სათავადოში). ყველა საეკლესიო აზნაურის (მათ შორის საკათოლიკოსო აზნაურებისაც) უმაღლესი სენიორი კი მეფე იყო. თვით ეკლესიის უფლებებს საეკლესიო აზნაურებზე დიდად ზღუდავდა მეფე, ის რეალურად ახორციელებდა მათზე სენიორულ უფლებებს (ყმა-მამულისა და სამოხელეო პატივის ბოძება თუ ჩამორთმევა, გასამართლება-დასჯა და სხვა). განსაკუთრებით ითქმის ეს კახეთის საეკლესიო აზნაურებზე (ალავერდის, ღვთაებისა და სხვა საყრდები), სადაც ყველა ეპისკოპოსი მეფის უშუალო ვასალი იყო.საეკლესიო აზნაურობა საქართველოში გაუქმდა რუსეთთან შეერთების შემდეგ. 1811 წელს მთავრობამ საეკლესიო აზნაურები მათი ყმა-მამულიანად სახაზინო უწყებაში ჩარიცხა. 1833 წლიდან ყველა აზნაური გაუთანაბრეს რუსეთის „დვორიანსტვოს“.

დატოვე კომენტარი